„ჰიუნდაიმ“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, საშუალო ზომის სედან „სონატას“ მეშვიდე თაობა გაგვაცნო. როგორც ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ფოტო ტიზერებიდან ჩანდა, ის ახალი „ჯენეზისის“ სტილშია შესრულებული და წინამორბედზე გაცილებით მდიდრულად გამოიყურება როგორც გარედან, ასევე შეგნიდან.

ჯერ ძნელი სათქმელია, რადიატორის ცხაურის ახლებური ფორმა, „ჯენეზისმა“ მხოლოდ ახალ „სონატას“ გაუზიარა, თუ ეს კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურა 2-ის“ აუცილებელი ატრიბუტია და მას სხვა მოდლებზეც ვიხილავთ. ერთის თქმა კი შეიძლება, ის ავტომობილს სოლიდურ იერს ანიჭებს.

გარდა დიზაინისა, ახალ „სონატას“ კონსტრუქცია და აღჭურვილობაც შეცვლილი აქვს. ის წინამორბედზე ოდნავ გრძელი, განიერი და მაღალია გაიზარდა ბაზა და საბარგული. კერძოდ, ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 855 მილიმეტრი, სიგანე 1865 მილიმეტრი, სიმაღლე 1475 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2805 მილიმეტრია, საბარგულის მოცულობა კი – 462 ლიტრი. გაზრდილია სალონის მოცულობა. ამასთან, მტკიცე ფოლადის გამოყენების წყალობით, ავტომობილის კონსტრუქცია გრეხვაზე და ღუნვაზე გაზრდილი (შესაბამისად, 41 და 35 პროცენტით) მედეგობით გამოოირჩევა. ეს კი ახალ „სონატას“ სპორტულ ხასიათს ანიჭებს, „ჰიუნდაის“ სიტყვებით, გაუმჯობესებულია „დინამიური მართვის გამოცდილება“.

ავტომობილის მართვისა და უსაფრთხოების სისტემებში, უახლესი ელექტრონული სისტემებია გამოყენებული. მათ შორისაა აქტიური კრუიზ კონტროლი, რომელიც ავარიის თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ დამუხრუჭებასაც ახერხებს. გაუმჯობესებულა მულტიმედიური სისტემა 8.0-დუიმიანი ეკრანით, რომელიც უფრო ადვილად სამართავია, რაშიც „ინტუიციური“ კლავიშები დაგეხმარებათ. სალონში კომფორტის ასამაღლებლად, მისი აკუსტიკური იზოლაციაც გაუმჯობესებულია.

ახალი „სონატა“ ჯერ მხოლოდ კორეელების წინაშე წარსდგა და ბუნებრივია, ის ჯერ საშინაო ბაზრის სპეციფიკაციებითაა. იქ მყიდველს სამ ძრავს შესთავაზებენ. ესენია: 2.0-ლიტრიანი CVVL 168 ცხენის ძალით, 2.0-ლიტრიანი LPi 151 ცხენის ძალით და 2.4-ლიტრიანი Gdi 193 ცხენის ძალით. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფები იმუშავებს.


გაჯისმაილ ეფენდიევი
წყარო:http://avtomaniya.com/site/publication-full/10163