მეცნიერები ინტენსიურად ცდილობენ შექმნან ისეთი თვითმფრინავები, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ საწვავს, ნაკლებად დააბინძურებენ გარემოს, ექნებათ გაცილებით ნაკლები წონა და ამასთანავე იქნებიან დღესდღეობით არსებულ თვითმფრინავებზე გაცილებით ჩუმი. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მიზნების მიღწევა შეცვლილი მოდელით, უფრო მსუბუქი მასალით, უკეთესი აეროდინამიკით და განსხვავებული საწვავით, სავსებით შესაძლებელია.
შვეიცარელმა ბიზნესმენმა და პილოტმა, ანდრე ბორსჩბერგმა, მსოფლიოს თვითმფრინავის ისეთი სენსაციური დიზაინი წარუდგინა, რომელიც შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ტექნოლოგიური გარღვევა აღმოჩნდეს. შვეიცარელი პილოტის თქმით, თვითმფრინავი მხოლოდ და მხოლოდ მზის ენერგიით იფრენს.

F5378F61-BF5C-45ED-A4B1-26BAC1325AC5_w1000_r1_s

მხოლოდ მზის ენერგიით მოძრავმა თვითმფრინავმა პირველი გაფრენა ესპანეთიდან მაროკოში 2012 წელს განახორციელა. ერთი წლის შემდეგ მან შეერთებულ შტატებს გადაუფრინა. თვითმფრინავის ახალ, კიდევ უფრო სრულყოფილ მოდელს “სოლარული იმპულს-2” ჰქვია და ის შვეიცარიაში შეიქმნა. ანდრე ბორსჩბერგის თქმით, სოლარულ თვითმფრინავს ჰაერში ყოფნა უსასრულოდ შეუძლია.
“სოლარული იმპულს-2” ერთადგილიანი თვითმფრინავია. მისი ფრთების საერთო სიგრძე 72 მეტრია და ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავისას არ აღემატება. თუმცა მისი წონა ერთი დიდი მანქანის წონას არ აღემატება და 2 300 კილოგრამს შეადგენს. თვითმფრინავის ფრთებზე 200 კვადრატული მეტრის ფართობის მზის ბატარეებია მოთავსებული, რომელიც ღამით ფრენისთვის ლითიუმის იონურ ბატარეებს ტენის. თვითმფრინავს აქვს 4 ძრავა და 8, 500 მეტრის სიმაღლეზე საათში 140 კილომეტრი სიჩქარით დაფრინავს.

fastfacts2-2__slideshow

მისმა წინამორბედმა, რომელსაც „სოლარული იმპულს-1“ ერქვა, ყველაზე გრძელი გადაფრენა -1 500 კილომეტრზე მეტი – 2013 წლის მაისში განახორციელა, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსიდან ტეხასის შტატის ქალაქ დალასამდე. თუმცა, ანდრე ბორშბერგი ამბობს, რომ თვითმფრინავს შესვენების გარეშე გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.
კვლევას და ექსპერიმენტებს, რომელთა შედეგადაც შვეიცარული სოლარული თვითმფრინავის საბოლოო მოდელი შეიქმნა, 12 წელი დასჭირდა. ამაში წინა მოდელის საცდელი ფრენებიც იგულისხმება. „სოლარული იმპულს-2“ ახლა მსოფლიოს გარშემო საფრენად ემზადება, რასაც შვეიცარული კომპანიის ხელმძღვანელის ბერტრან პიკარდის განცხადებით, 3 თვეზე გათვლილი 20 საფრენი დღე დასჭირდება. მისი თქმით, ეს თვითმფრინავი ენერგიის დაზოგვის საუკეთესო მაგალითია. მზის ენერგია სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ თვითმფრინავი დღედაღამ ცაში იყოს.

06D8FB64-2B15-4AD0-AD79-6A9B08C58DF4_mw1024_s_n

ავტოპილოტით აღჭურვილი თვითმფრინავი პილოტს საშუალებას აძლევს დაიძინოს, ისადილოს და ივარჯიშოს კიდეც. ბორშბერგის თქმით, მათი მიზანი არა ავიამშენებლობაში გადატრიალების მოხდენა, არამედ ენერგიის დაზოგვის პოპულარიზებაა.

გამოყენებული წყარო:
http://www.solarimpulse.com/adventure
https://en.wikipedia.org/wiki/Solar_Impulse
ავტორი: თათია ქათამაძე