წლის ყველაზე დაუცველი ოპერაციული სისტემები

Windows-ს ბევრი დღემდე მიიჩნევს ყველაზე მოწყვლად ოპერაციულ სისტემად, რომელიც ანტივირუსის გარეშე ძალიან დაუცველია. თუმცა Windows-ის ბოლო ვერსიებში Microsoft-მა დიდი სამუშაო გასწია და სისტემის უსაფრთხოება თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიას ტყუილად არ უშრომია. GFI-ის მონაცემებით 2014 წელს Windows-მა ყველაზე უსაფრთხო ოპერაციული სისტემის წოდება დაიმსახურა, ხოლო ყველაზე მოწყვლადი სისტემის ნომინაციაში პირველი ადგილები გადაინაწილეს OS X, iOS და თქვენ წარმოიდგინეთ Linux-მაც კი.


GFI-ს ანგარიშის თანახმად, 2014 წელს Apple OS X-ში 147 მოწყვლადობა იქნა აღმოჩენილი, სადაც 64 საფრთხის მაღალ მაჩვენებელს ატარებს. მოწყვლადი სისტემების სამეულში მე-2 ადგილი Apple iOS-მა აიღო 127 მოწყვლადობით, სადაც 32 საფრთხის მაღალი მაჩვენებლითაა. დაუცველი სისტემების ბოლო ადგილი 119 მოწყვლადობით ( აქედან 24 საფრთხის მაღალი მაჩვენებლით) Linux-მა დაიკავა. სიმართლე რომ ვთქვათ, Linux-ის შემთხვევაში რთულია მოწყვლადობების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, რადგან ყველა დისტრიბუტივს შესაძლოა ზოგი მოწყვლადობა მოგვარებული ქონდეს.

რაც შეეხება Microsoft-ის პროდუქტებს: Apple-ის ანალოგებთან შედარებით Windows-ის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მივიწყებულ Windows RT-ში აღმოჩენილია მხოლოდ 30 მოწყვლადობა, სადაც 22 საფრთხის მაღალ მაჩვენებელს ატარებს. Windows Vista და Windows 7 ამ კატეგორიით თითქმის ერთნაირ მდგომარეობაში არიან: სულ 34 მოწყვლადობა და 23 მაღალი მაჩვენებლით და 36 მოწყვლადობა Vista-ზე სადაც 25 მაღალი მაჩვენებლითაა. Windows Server 2008-ში უსაფრთხოების „ხვრელების“ რაოდენობამ 38-ს მიაღწია, სადაც 26 კრიტიკულ ხასიათს ატარებს. Windows 8 და 8.1-ში ერთად აღმოჩენილია 36 მოწყვლადობა, აქედან 24 მაღალი საფრთხით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ Linux-ისა და OS X/iOS-ის შემთხვევაში რიცხვი ყველა ვერსიის შეჯამებით არის მითითებული, ხოლო Windows-ის შემთხვევაში ეს რიცხვი დანაწევრებულია ვერსიებზე, რაც აღნიშნული სტატისტიკის სიზუსტეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი Microsoft-ის ლიდერობას უსაფრთხოების საკითხებში ჯერ არ ადასტურებს. Internet Explorer-ი ჯერ კიდევ ყველაზე არასაიმედო ბრაუზერად ითვლება- იქ 242 მოწყვლადობა იქნა აღმოჩენილი, სადაც 220 მაღალ მაჩვენებელს ატარებს. Google Chrome-ში ჯამურად 124 მოწყვლადობაა ხოლო Firefox-ში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია- 117 მოწყვლადობა. ასევე გასათვალისწინებელია ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ბრაუზერი დამატებით გამოიყენებს.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?