რამდენიმე წლის წინ პრინტერზე ამობეჭდილ სხეულის ნაწილებსა და, მით უმეტეს, ორგანოებს აბსურდულად მიიჩნევდნენ, თუმცა, ტექნოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ორი სფერო, მედიცინა და 3D ბეჭდვა, ქირურგიული, და ალბათ არა მხოლოდ ქირურგიული, რევოლუციის ზღვარზეა და სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

რამდენიმე თვის წინ 22 წლის ქალმა, რომელსაც ძვლის იშვიათი დაავადება სჭირდა, ჰოლანდიაში იმკურნალა. მისი თავის ქალა ზომაში 3-ჯერ იყო გაზრდილი და ზეწოლას ახდენდა ტვინზე, რაც მხედველობის დაქვეითებას, მოტორული ფუნქციების დარღვევას და, საბოლოოდ, სიკვდილს გამოიწვევდა. 23-საათიანი ურთულესი ოპერაციის შედეგად, ქირურგებმა პაციენტს 3D პრინტერით შექმნილი თავის ქალის მთლიანი პროთეზი ჩაუნერგეს. შედეგი იდეალური აღმოჩნდა. მომდევნო 3 თვეში პაციენტს სრულად აღუდგა მოტორიკაც, მხედველობაც და აღარც სხვა პრობლემები შექმნია. ჩივილები გაუქრა და ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თითქოს პრობლემა არასდროს ჰქონია. ”რამდენიმე წლის წინ ეს სენი უკურნებელი იქნებოდა”, – აღნიშნავს უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი, ბონ ვერვეი.

3d skull

3d printed skull implant

არსებობს სამედიცინო 3Dპრინტერის გამოყენების სხვა შემთხვევებიც: ერთ-ერთ პაციენტს ყბისა და ყურის 3D-მოდელი შეუქმნეს, იხვის ჭუკს კი 3D პრინტერით ახალი ფეხი დაუბეჭდეს.

 

ესახალი მიმართულება ისე სწრაფად ვითარდება, რომ ჩნდება კითხვები: შესაძლებელი იქნება თუ არა უფრო რთული ოპერაციების ჩატარება სამ-განზომილებიანი პრინტერის გამოყენებით? შეიქმნება თუ არა ორგანეობის ასლები, რაც უამრავი დაავადებისგან გადაარჩენს პაციენტებს? შესაძლებელი იქნება თუ არა ხანგრძლივი სიცოცხლე ან უბრალოდ შემსუბუქებული სიბერე? ამ კითხვებზე პასუხს მომავალი გვიჩვენებს, რომელიც არცთუ ისე შორეული ჩანს.