ბარსელონაში, 24-27 თებერვალს გამართულ Mobile World Congress-ზე Samsung-მა მობილური ტელეფონის ახალი მოდელი წარმოადგინა – Samsung Galaxy S5. მის პრეზენტაციამდე მედიაში ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, ყველა განსაკუთრებულ სიახლეს ელოდა, თუმცა, მიუხედავად ბევრი სიახლისა და გაუმჯობესებული მახასიათებლებისა, მოლოდინები არ გამართლდა. რა გაამჯობესა Samsung-მა და რა არ შეცვლილა?

Samsung Galaxy S5-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფოტოკამერა – 16-მეგაპიქსელიანი 13-იანის ნაცვლად. გარდა ამისა, ახალ მოდელს შეუძლია გადაიღოს 4K HD ვიდეო, რაც ოთხჯერ უფრო მკვეთრია, ვიდრე Full HD. ვიდეოს გადაღება წყალქვეშაც შეიძლება. საერთოდ, Galaxy S5 წყალგაუმტარია და მტვერისგანაც ბევრად დაცული, ვიდრე წინა მოდელები.

ახალი 2,5-გიგაჰერციანი პროცესორი უფრო სწრაფია, ვიდრე S4-ში გამოყენებული 1,6 და 1,9-გიგაჰერციანი პროცესორები.

ოდნავ გაიზარდა ახალი მოდელის ეკრანი – 5,1 დიუმი 4,9 დიუმის ნაცვლად, თუმცა ეკრანის რეზოლუცია იგივე დარჩა: 1920 x 1080.

Samsung Galaxy S5 Samsung-ის პირველი მოდელია, რომელსაც აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი და პირველი ტელეფონია ისტორიაში, რომელიც ამ სენსორის გამოყენებით მფლობელის გულისცემას ამოწმებს.

ამ და კიდევ რამდენიმე სხვა მახასიათებლით, Galaxy S5 ან მნიშვნელოვნად სჯობს iPhone 5s-ს, ან არ ჩამოუვარდება მას.

თუმცა არის ნაკლოვანებებიც:

Samsung-ის წინა მოდელების მსგავსად, არც Galaxy S5-ს აქვს მეტალის კორპუსი. არადა, სწორედ ეს იყო მთავარი მოლოდინი. უკვე წლებია, Samsung იყენებს შედარებით იაფფასიან, პლასტიკურ კორპუსებს, მაშინ, როცა Apple და HTC, უკვე დიდი ხანია, მეტ-ნაკლები წარმატებით ატარებენ ექსპერიმენტებს და ტელეფონების კორპუსებისთვის მინას და ლითონს იყენებენ. ასევე, დიდი მოლოდინის მიუხედავად, ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ მცირედ არის გაუმჯობესებული.

Samsung Galaxy S5 გაყიდვაში 11 აპრილს გამოვიდა.