ამაზონის დრო(ნ)ული მიტანის სერვისი


კომპანია ”ამაზონი”, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ამანათების გადაზიდვის ინოვაციურ გეგმას განიხილავს. აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიასთან ერთად გამოქვეყნებულ სტატიაში, კომპანიის CEO – ჯეფ ბეზოსმა მერვე თაობის საჰაერო გადაზიდვების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ”ამაზონის” გუნდი უკვე ტესტავს მეხუთე და მეექვსე თაობის საჰაერო მოწყობილობებს და მომავალში მეშვიდე და მერვე თაობის საფრენ აპარატებზე დაიწყება მუშაობა.

”ამაზონის” ახალი გეგმა – Amazon Prime Air – ითვალისწინებს ამანათების გადაზიდვის სერვისში დრონების გამოყენებას. დრონი, ბოლო ხანებია, ტექნოლოგიისა და სხვა მრავალი სფეროს დიდ ყურადღებას იქცევს. ჯერ იყო და ნარკოდილერებმა გამოიყენეს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში და ციხეში ნარკოტიკები შეჰქონდათ მათი დახმარებით. ახლა კი ყველაზე პოპულარული ელექტრო-კომერციული კომპანია ”ამაზონი” აპირებს დრონების გამოყენებას საკუთარი სერვისის გასაუმჯობესებლად.

ამ ეტაპზე, კომპანიის მთავარი ამოცანაა, შექმნას საფრენი მოწყობილობა საკმარისი ენერგიითა და გამძლე ბატარეით, რომელსაც  დაახლოებით 10 მილზე შეეძლება 5-ფუნტიანი ტვირთის გადატანა. ამის შემდეგ, ისინი დაიწყებენ ფიქრს, თუ როგორ მიიტანოს დრონმა ამანათი ზუსტად შეკვეთის ადგილზე.

”ამაზონი” ყოველთვის სთავაზობდა მომხმარებელს საინტერესო სიახლეებს. 2011 წელს მათ შექმნეს ანდროიდის საკუთარი ეკოსისტემა ქინდლის სახით. ჯეფ ბეზოსის თქმით, ქინდლში ამჟამად 200 000-მდე აპლიკაციის გადმოწერაა  შესაძლებელი მსოფლიოს 200 ქვეყანაში.

”ამაზონმა” სულ ახლახან წარმოებაში გაუშვა FIRE TV. FIRE TV – პატარა მიმღები, რომლის ტელევიზორთან შეერთების შემთხვევაშიც შესაძლებელია უამრავი გასართობი გადაცემის ყურება, თამაშებითა და სხვადასხვა საინტერესო აპლიკაციებით გართობა და ა.შ. ახლა კი უკვე დრონებს შეეძლებათ მსგავსი სასარგებლო ტექნიკისა და არა მარტო ტექნიკის ადგილზე მიტანა. ამ გეგმის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დასჭირდება 4-5 წელი, მაგრამ, თუნდაც 5 წლის შემდეგ შემკვეთები ძალიან კმაყოფილნი დარჩებიან, როდესაც პირდაპირ ციდან მიუფრინდებათ თავიანთი შეკვეთა.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?