ფსიქოპათიის ნათელი მხარე

სიტყვა „ფსიქოპათს“ ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში ვიყენებთ. ახლობლის მისამართით არავინ იტყვის, „რა საყვარელი ფსიქოპათია“ და, სავარაუდოდ, არც საპასუხოდ გაუხარდება ამის გაგონება…

ფსიქოპათი – პიროვნება ქრონიკული მენტალური აშლილობით, არანორმალური და აგრესიული სოციალური ქცევებით

ფსიქოპათიის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა თანაგრძნობისა და დანაშაულის გრძნობის არქონა, ასევე – იმპულსურობა და პირდაპირობა. სწორედ ამიტომ ახალი კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც ფსიქოპათების პიროვნული თვისებები რიგ შემთხვევებში შეიძლება დადებითიც აღმოჩნდეს, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ.
ემორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, სკოტ ლილინფილდის, განმარტებით: „პიროვნული თვისებები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი პიროვნების და, სიტუაციის გათვალისწინებით – როგორ არიან ისინი მიმართულნი. მაგალითად, ფსიქოპათებში ხშირად აღინიშნება უშიშარი დომინაცია – თვისება, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს უარყოფითი მხარე, მაგრამ აქვს ნათელი მხარეც – უშიშარობას გმირული საქციელი მოჰყვება“.

მედლის ორი მხარე

კომიკურია, მაგრამ ხანდახან ფსიქოპათები იქცევიან ალტრუისტულად და, პირიქით, გმირები იქცევიან ცუდად. ერთი ავსტრალიელი ბიზნესმენი, რომელმაც 2005 წელს 20 ადამიანი გადაარჩინა ტაილანდში ცუნამის შემდეგ, მოგვიანებით შეარაღებული თავდასხმისთვის დააკავეს. სერიული მკვლელი ტედ ბანდი კი, რომელმაც 30-ზე მეტი ადამიანი მოკლა და ფსიქოპათად ითვლება, მოხალისედ მუშაობდა ცხელ ხაზზე და ადამიანებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების დაძლევაში ეხმარებოდა.

ამ ურთიერთგამომრიცხავმა ქცევებმა უბიძგა მკვლევრებს, მოეძებნათ კავშირი ფსიქოპათურ თვისებებსა და გმირობას შორის. ცნობისათვის, გმირობა განმარტებულია, როგორც ალტრუისტული საქციელი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ ან სოციალურ რისკს.

გმირობის ტესტი

ჩატარდა ორი კვლევა, გამოიკითხა 243 სტუდენტი და 457 ონლაინ-მოხალისე. კითხვარებში რესპოდენტებს სთხოვდნენ, აღეწერათ თავიანთი გმირული საქციელი, თუნდაც ისეთი უმნიშვნელო, როგორიცაა მოჩხუბართა გაშველება ან უცნობისთვის გაჩერებული მანქანის მიწოლაში დახმარება. მოხალისეებმა შეავსეს პიროვნული ტესტიც, რომლითაც უნდა განესაზღვრათ თავიანთი ფსიქოპათური თვისებები. არც ერთი რესპოდენტი არ აღმოჩნდა რეალური ფსიქოპათი, თუმცა ზოგიერთს მეტი თვისება აღმოაჩნდა, ვიდრე დანარჩენებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ზოგი ფსიქოპათური თვისება კავშირშია გმირულ საქციელთან. დადასტურდა, რომ ფსიქოპათური თვისება, უშიშარი დომინაცია (იგივე – თავხედობა), ხშირ შემთხვევაში უცნობებისადმი სიკეთის ჩადენასთან არის კავშირში. აღმოჩნდა, რომ იმპულსური, ანტისოციალური ადამიანები უფრო ხშირად ჩადიან გმირობას.

უშიშარი და ანტისოციალური ადამიანები უფრო ხშირადაც იტყუებიან. მკვლევრებმა რამდენიმე საკონტროლო შეკითხვაც ჩასვეს კვლევაში, რომელზე არასწორად მოპასუხეებიც ავტომატურად ეთიშებოდნენ კვლევას, თუნდაც ამოფრქვეულ ვულკანს გადაფარებოდნენ ხალხის დასაცავად.

საბოლოოდ, მკვლევრებმა კიდევ ერთი ტესტი გააკეთეს ამერიკის პრეზიდენტებისათვის და, ბიოგრაფებისა და საპრეზიდენტო ისტორიის ექსპერტების დახმარებით, შეაფასეს 42 პრეზიდენტის თვისებები. კვლევამ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული იყო, მაინც აჩვენა, რომ შედარებით უფრო ფსიქოპათული ფსიქიკის მქონე პრეზიდენტები პრეზიდენტობამდე უფრო ხშირად სჩადიოდნენ გმირულ საქციელს.

ლილინფილდი, კოლეგებთან ერთად, იმედოვნებს, რომ მალე სამართალდამცავების კვლევასაც შეძლებს, რადგან სტატისტიკურად, ამ პროფესიის ადამიანები უფრო ხშირად სჩადიან გმირულ საქციელს.

ერთი მხრივ, ნათელია, რომ თავხედი, იმპულსური და უშიშარი ადამიანი უფრო დიდი ალბათობით შევარდება ცეცხლწაკიდებულ შენობაში ხალხის გადასარჩენად, მაგრამ კვლევამ შეიძლება საბოლოოდ უპასუხოს მნიშვნელოვან შეკითხვას, ადამიანები გმირებად იბადებიან თუ გმირებად იქცევიან ცხოვრების განმავლობაში.

-heroes-arent-born-theyre-made

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?