კონტაქტური ლინზა, რომელიც იძლევა საშუალებას დაინახოთ ღამით

კონტაქტური ლინზა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს დაინახოს ღამით. მსგავსი ფენომენის მოლოდინი, ალბათ მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან თუ გვექნებოდა, რომ არა გასულ თვეს, ტედ ნორისისა და ჟოჰი ჟონგის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო დასკვნა. მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და ელექტრო-ინჟინერებმა (ტედ ნორისმა და ჟოჰი ჟონგმა), ატომის სისქის ნახშირბადის, იგივე გრაფინის, ორი ფენის გამოყენებით, მიაკვლიეს ღამით, ინფრაწითელი შუქის აღქმის ახალ მეთოდს. მსგავსი ტექნოლოგიური ხელსაწყოს შექმნის წინა მცდელობებისგან განსხვავებით, ღამის ხედვის ახალ ლინზას, აღარ სჭირდება განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურა და ამავდროულად ის ძალიან თხელი და ადვილად მოსახმარია.

ამ ინოვაციურ პროექტზე მუშაობისას, მკვლევარები გადააწყდნენ დიდ სირთულეს გრაფინთან მიმართებაში. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გრაფინი არასაკმარისად მგრძნობიარეა შუქის მიმართ. ამიტომ მხოლოდ გრაფინის გამოყენებით თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ღამის ხედვის ლინზის შექმნა. იმისათვის, რომ ინფრაწითელი შუქის აღქმა, მხოლოდ გრაფინის სენსიტიურობაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული, ტედ ნორისმა და ჟოჰი ჟონგმა, გადაწყვიტეს ლინზის ქვედა ფენაში გაეშვათ მცირე ელექტრო დენი. ამ მიგნების შესახებ, საუბარია გასულ თვეს, Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარები ხსნიან ლინზის მუშაობის პრინციპს. მათი თქმით, როდესაც შუქი და გამოსახულება ხვდება გრაფინის ზედა ფენას, ის ახდენს გავლენას ქვედა ფენაზე, სადაც ელექტროენერგიაა ინტეგრირებული. ეს უკანასკნელი კი ქმნის ელექტრო სიგნალს, რომელიც ხილვადს თვალისთვის ხდის ღამის ხედვის გამოსახულებას.

არის საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ მომავალში, კონტაქტური ლინზები, არა მარტო მხედველობის ხარისხის გაუმჯობესებასა თუ თვალის ფერის შეცვლას უზრუნველყოფენ, არამედ ისინი მოხსნიან სიბნელისგან გამოწვეულ დაბრკოლებებს. ჟოჰი ჟონგმა, ასევე ახსენა გრაფინის ინოვაციური ტექნოლოგიის სამომავლო გამოყენების გეგმაც. მაგალითისთვის მან ახსენა შესაძლებლობა, რომელიც გამოხატულია იმაში, რომ ექიმებს შეეძლებათ დააკვირდნენ პაციენტის სისხლის მოძრაობას პაციენტის სკანირების გარეშე. მხატვრობის სპეციალისტებს კი შეეძლებათ მარტივად დაინახონ, თუკი ნახატის ერთი ფენის ქვეშ არსებობს მეორე, სხვა ნახატი.

ღამის ხედვის კონტაქტურ ლინზას ჯერ კიდევ სჭირდება დრო გასანვითარებლად და გასაუმჯობესებლად. ეს არ არის პროდუქტი, რომელიც მომავალ რამდენიმე წელში შემოვა აქტიურ ხმარებაში. თუმცა, ხელსაწყო, თავისი უნარით, ერთი-ორად გაზარდოს ადამიანის მხედველობის შესაძლებლობები, ნამდვილად წარმოადგენს პროდუქტს, რომლის დალოდებაც ღირს, მიუხედავად იმისა ორი წელი დასჭირდება მას თუ შვიდი.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?