
5 წლის სან-დიეგოელმა ბიჭუნამ, კრისტოფერ ფონ ჰასელმა, მოახერხა და სახლის Xbox-კონსოლში მამის ანგარიშზე წვდომა მიიღო.
როდესაც გამოვიდა ფანჯარა, სადაც პაროლი იწერება, კრისტოფერმა რამდენჯერმე დააჭირა თითი ღილაკს “Space”- და ხელახლა სცადა შესვლა.
მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სისტემამ ის მამის ანგარიშში შეუშვა.
– ძალიან ავნერვიულდი, – ამბობს კრისტოფერი WPTV-სთან საუბარში, – მეგონა მამა ამის გამო გამიბრაზდებოდა.
ამაყი მამის, დევისის, თქმით, 5 წლის ბავშვისთვის ხარვეზის აღმოჩენა ძალიან “მაგარია”.
დევისმა, რომელიც კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში მუშაობს, აღნიშნულის შესახებ კომპანია Microsoft-ს შეატყობინა.
მაიკროსოფტმა უმალვე გამოასწორა ხარვეზი და პატარა კრისტოფერის სახელი თავის ვებ-გვერდზე უსაფრთხოების მკვლევართა სიაში ჩაამატა.
მამის თქმით, ეს კრისტოფერის პირველი ტრიუმფი არაა; 1 წლის ასაკში მან მობილური ტელეფონი განბლოკა Home ღილაკზე თითის დიდხანს დაჭერით.
Microsoft-მა გამოაქვეყნა შემდეგი ინფორმაცია: “ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს. მადლობა მათ სხვადასხვა პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენ უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ინფორმაციის მიღებისთანავე გამოვასწორეთ Xbox-ის ხარვეზი”.
ამ სამუშაოსთვის კრისტოფერი მიიღებს ოთხ თამაშს უფასოდ და XboxLive-თან 1-წლიან პაკეტს.
წყაროები:
http://www.dailymail.co.uk/
http://www.pcworld.com/
HAVE SOMETHING TO SAY?
You must be logged in to post a comment.