ანზუ ვილიეი- სამ მეტრიანი “ქათამი ჯოჯოხეთიდან”

ალოზავრი ”უცნაურ ხვლიკს” ნიშნავს, სეისმოზავრი – ”ხვლიკ მიწისძვრას”, ტირანოზავრი კი – ტირან ხვლიკს, თუმცა ჯერ არც ერთი დინოზავრის სახელი არ ყოფილა ისეთი დასამახსოვრებელი და ეფექტური, როგორიც ახლად ”აღმოჩენილ” ჯიშს უწოდეს.

განამარხებული ანზუ ვილიეი, ანუ “ქათამი ჯოჯოხეთიდან”, თავისი სახელის შესაფერის ადგილას, ჩრდილოეთსა და სამხრეთ დაკოტას შორის მდებარე ჯოჯოხეთის ნაკადულად წოდებულ ტერიტორიაზე იპოვეს. დინოზავრი ცოტა ხნის წინ გამოცემულ ერთობლივ ნაშრომში სმითსონიანის, იუტას უნივერსიტეტისა და კარნეჯის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევრებმა აღწერეს.პალეონტოლოგ მეთიუ ლამანას თქმით, ანზუ ჩიტისა და ჩვეულებრივი დინოზავრის, ანუ ბრონტოზავრის, ნაჯვარს წარმოადგენს, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. „ანზუ მოზაიკასავით არის აწყობილი ამ ორი ჯგუფისგან (დინოზავრები და ფრინველები) და ევოლუციური ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია“.

არსება ოვირაპტოროზავრების ჯგუფს მიაკუთვნეს – კვერცხისმდებელ, ბუმბულიან დინოზავრებს, რომლებიც აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდნენ.

ნამარხების შესწავლით გაირკვა, რომ დინოზავრი, რომელიც ცარცულ პერიოდს მიეკუთვნება, სიგრძეში (ცხვირიდან კუდამდე) 3,3 მ იყო, სიმაღლეში – 1,5 მ, იწონიდა 220 კგ-ს და წინა კიდურებზე სამხედრო დანასავით ბასრი კლანჭებით აწუხებდა მეზობლებს.

„ეს ნამარხები ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი დინოზავრია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში იპოვეს, – განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, სტივენ ბრუსატმა, – ოვირაპტოროზავრთა ჯგუფი დინოზავრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯგუფია. დინოზავრი ანზუ კი თითქოს ცარცულ პერიოდში ჰოლივუდური საშინელებათა კინოს რეჟისორმა ჩასვა. რთულია, დაიჯერო, რომ ეს ცხოველი მართლა არსებობდა, მასიურ სხეულზე უკბილო ნისკარტი და ჩიტის მსგავსი აღნაგობა ჰქონდა.“

„სახეობათა წარმოშობის“ ბოლო ფრაზაში ჩარლზ დარვინი წერდა ბუნებრივი გადარჩევის სიდიადის შესახებ, რომლის შედეგადაც „უსასრულო რაოდენობის ფორმები, ლამაზი და მშვენიერი სახეობები ვითარდებოდნენ და ვითარდებიან“, თუმცა, ალბათ თვით დარვინიც კი ვერ წარმოიდგენდა ასეთ უცნაურსა და საშიშ ცხოველს, რომელიც ფრედი კრუგერსაც კი დაუფრთხობდა ძილს.Anzu wyliei – a bird-like dinosaur nicknamed the 'chicken from hell'

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?