როგორც Techcrunch იუწყება, Facebook-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს Titan Aerospace-თან. მარკ ზაკერბერგს დრონების ფლოტი სურს, რომელიც აფრიკის თავზე 20 000 მეტრის სიმაღლეზე მზის ენერგიის გამოყენებით იფრენს და უსადენო ინტერნეტს მიაწვდის ადგილობრივ მოსახლეობას. ნამდვილად იდეალისტური და „ამაღლებული“ ინიციატივაა, მაგრამ არა უპრეცენდენტო. უსადენო ქსელის საფრენი აპარატებით მოწოდების იდეა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაჩნდა სატელიტების ვეტერანი დამამზადებლების, Globestar-ისა და Iridium-ის, მიერ. ორივე კომპანია სატელეფონო ქსელის გაუმჯობესებას ცდილობდა და არა ინტერნეტის მიწოდებას, თუმცა საჰაერო მოწყობილობების გამოყენების იდეა და პრინციპი მსგავსი ოყო. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგად Globestar და Iridium გაკოტრდნენ.


Facebook-ს არც სუპერგიგანტი Google ჩამორჩება, რომელსაც ცის დაპყრობის საკუთარი გეგმა აქვს, სახელად Project Loon. ინტერნეტგიგანტი აპირებს, სტრატოსფეროში გაუშვას დიდი ბუშტები (დიახ, ბუშტები!), რომლებიც ტრანსმიტერების ფუნქციას შეასრულებენ.

აპარატის განსაზღვრულ ადგილამდე მიყვანა საკმაოდ რთული ამოცანაა. „დედამიწის 71% წყალია, მიწის 98% კი დაუსახლებელი“, – აცხადებს ლეინ მაკკლაჩი, ინჟინერი, რომელიც გუგლის დრონების პროექტზე მუშაობდა. „დრონები უფრო ადვილად შეინარჩუნებენ პოზიციას, მაგრამ მათაც და ბუშტებსაც ხშირად გადააადგილებს სტრატოსფერული ქარი, რომლის სიჩქარეც 160 კმ/სთ-ს აღწევს.“
მიუხედავად იმისა, რომ უფასო ინტერნეტი ძალიან მაცდურად ჟღერს, სუვერენული სახელმწიფოების უმრავლესობას არ სურს, მათ საჰაერო სივრცეში რამდენიმე ასეულმა აპარატმა იფრინოს. „რაც ჩინეთის საჰაერო სივრცეში ხვდება, სიცოცხლეს ასრულებს მიწაზე“, – ამბობს მაკკლაჩი.
რა საჭიროა ასეთი ძვირადღირებული (გუგლის შემთხვევაში არც ისე ძვირადღირებული) რისკი?
ორივე შემთხვევაში მიზანი ერთი, დიადი და ნათელია – ინტერნეტის მიწოდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ე.წ. „შემდეგი მილიარდი“, რომელიც ინტერნეტში ჩაერთვება, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ინტერნეტგიგანტების ბრძოლაში. სტრატოსფეროს ათვისება კი, მიწაზე კონსტრუქციების აშენებასთან შედარებით, ნამდვილი ოქროს საბადოა.
inf2