როგორც ვიცით, ხვლიკების მეფე და დინოზავრების პოპ-ვარსკვლავი, ტირანოზავრი, თბილ გარემოში ბატონობდა, რადგან ჩრდილოეთის სიცივეში დიდი დინოზავრებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობდა. თუმცა, როგორც ბოლო აღმოჩენამ აჩვენა, ტირანოზავრის პატარა ”ბიძაშვილი”, ნანუქზაურუს ჰოლგუნდი (”პოლარული დათვი-ხვლიკი”), დღევანდელი ალასკის ჩრდილოეთში თავს მშვენივრად გრძნობდა.

2006 წელს აღმოჩენილი მისი თავის ქალისა და ყბის ფრაგმენტები ზომით მხოლოდ 63,5 სმ-ია, რაც ტირანოზავრის თავზე თითქმის 3-ჯერ პატარაა; ტანის სიგრძე
კი 6.7 მ-ია, რაც 12 მეტრიან ტირანოზავრს თითქმის ორჯერ ჩამორჩება.

მკვლევრების აზრით, დინოზავრს კარგი ყნოსვა და მხედველობა უნდა ჰქონოდა, რათა სიბნელეში მსხვერპლი ეპოვა – პოლარულ სარტყელში ღამე დაახლოებით 6 თვეს გრძელდება.

„ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა, რადგან აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ 70 მილიონი წლის წინანდელი არქტიკული გარემო შესაფერისი იყო ასეთი ზომის მტაცებლისთვის“, – აღნიშნავს პეროტის ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმის პალეონტოლოგი და წამყვანი მკვლევარი, ენტონი ფიორილიო.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში ბოლო პერიოდში ნაპოვნ ნამარხებთან ერთად, რომელთა შორისაც არიან ნანუქზაურუსი და ბალახისმჭამელი პაჰირინოზავრი (სქელცხვირა ხვლიკი), შემდგომი ექსპედიციები საშუალებას მისცემთ, უკეთ შეისწავლონ პრეისტორიული არქტიკული სიცოცხლე.

ნანუქზავრის (A) შედარება სხვა თეროპოდებთან